“ეთერის სიმღერას” ვიღებდით, - მომიყვა აკაკი კვანტალიანი, - ფილმის ეპიზოდებში
გვჭირდებოდა კამეჩების ურემი, “სახკინმრეწვმა” საგურამოს კოლმეურნეობას გადაურიცხა ფული. გადაღება ჯვრის ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კამეჩების ურემთან ერთად გვეწვია მეურმე გიორგი, ერთი ტლუ ქართველი გლეხი. გულით ალალმართალმა გიორგიმ გინება იცოდა ისეთი, რომ მე, სამტრედიაში გაზრდილი კაცი, მასთან შედარებით მამა აბრამის ბატკნად ჩავითვლებოდი. მისი გინების დროს ჩვენს ქალებს ყურებში ჰქონდათ თითები გარჭობილი. ერთხელაც დაუძახეს გიორგის:
- გამორეკე კამეჩები, შააბი, უნდა გადავიღოთო.
მიადგა გიორგი იქვე პატარა ტბის პირას წყალში ჩაწოლილ კამეჩებს და აგინებს, მაგრამ რას აგინებს. ვეღარ მოვითმინე და მივედი:
- ვის აგინებ, გიორგი, ცხრასართულიანით?
- კამეჩებს ვაგინებ, ამათი პატრონი დედა!..
- ვისია კამეჩები?
- კოლექტივისაა, მა ვისი უნდა იყოს?
- შენ ვიღასი ხარ?
- მეც კოლექტივისა…
- აბა, გინება შენც გაგნაწილებია და ეგ არის.
- თუ პური და სიმინდი არ მინაწილდება, რაღა გინება გამინაწილდება, ამის პატრონი დედა კი ვატირე! - ჩაილაპარაკა გიორგიმ და გააგრძელა კამეჩების ლანძღვა.
Filled under: იუმორი
Leave a comment or two








